ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მუხნარის ტყის გადარჩენის სპეციალური პროგრამის შექმნაზე იმსჯელეს.
შეხვედრა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა ლომინაძის ინიციატივით მოეწყო და მასში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუმებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე.
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მუხნარის ტყეში არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად გაიმართა.
ქუთაისის მიმდებარედ არსებულ მუხნარის ტყეში ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა „იმერული მუხაა“ შემორჩენილი. უკანონო ჭრებმა, ნარჩენებით დაბინძურებამ და სხვა უარყოფითმა ფაქტორებმა, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ათწლეულების პრობლემაა, ტყის მასივი მნიშვნელოვნად დააზიანა.
სპეციალისტების მიერ შემუშავდა კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც სანიტარულ ჭრებს, მავნებლის მიერ დაზიანებული ხეების კორომიდან გამოტანას, ნარჩენებისაგან გაწმენდას და ტყის აღდგენას მოიცავს.