ქუთაისში პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე- სუფთა შავი ზღვა” (Waste Free Rivers for a Clean Black Sea) დასკვნითი კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პროექტის უცხოელი პარტნიორები. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის „შავი ზღვის 2014-2020 პროგრამის“ ფარგლებში და მიზნად ისახავდა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების, შავი ზღვისა და მდინარეების ნარჩენებით დაბინძურების შემცირების ხელშეწყობას საქართველოს, მოლდოვასა და რუმინეთს შორის ტრანსასაზღვრო კოოპერაციის საშუალებით.
პროექტის ლიდერი პარტნიორი ქუთაისის მერია იყო.
"თითქმის სამი წლის მანძილზე მიმდინარეობდა ქუთაისში პროექტი „მდინარეები ნარჩენების გარეშე- სუფთა შავი ზღვა” და ამ პერიოდში ჩვენს ქალაქში, პროექტის ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია დასავლეთ საქართველოში პირველი მწვანე ნარჩენების კომპოსტირების ცენტრი, რომლის მწარმოებლობაა 2024 ტონა კომპოსტი წელიწადში. აშენდა საკომპოსტე შენობა და შეძენილი იქნა ძირითადი ტექნიკა. დაიწყო პლასტიკისა და ქაღალდის სეპარირებული შეგროვება.
მადლობა მინდა ვუთხრა პროექტში მონაწილე ყველა მხარეს, პროექტის კოორდინატორს, ქალბატონ ქეთევან ცხაკაიას, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს.
ქუთაისის მერია მომავალი თანამშრომლობისთვისაც მზად არის.“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
დასკვნითი კონფერენციის მონაწილეებმა დღის ბოლოს ქუთაისის საკომპოსტე ცენტრი დაათვალიერეს.