ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმს დაესწრნენ.
ფორუმი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივითა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. ფორუმის მხარდამჭერია ქუთაისის მერია, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
„ ჩვენ ხშირად ვიმეორებთ - არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არსებობს შეზღუდული გარემო და ჩვენი მიზანია, ეს გარემო მოვარგოთ ამ ადამიანებს, რომ მათ შეძლონ დასაქმება და თვითრეალიზება.
დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. დღეს მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში გაეცნონ ვაკანსიებს და აირჩიონ სხვადასხვა შეთავაზება, რამდენიმე პოტენციური დამსაქმებლისგან.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს 22-მა კომპანიამ 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა.