მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელის შექმნის პროცესში, ქუთაისის მუნიციპალიტეტი აგრძელებს მუშაობას , რათა გახდეს „ სმარტ-ეკო ქალაქი “.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში . მორიგი ეტაპის დასრულების შემაჯამებელ ონლაინ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილეები იუზა უგულავა და ირაკლი ქარქაშაძე, ქუთაისის მხრიდან შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, UNDP-ის სტამბულის ჰაბის ინოვაციების გუნდის წევრი - იარა ჩანგი და სტრატეგიული და ტრანსფორმაციული ინოვაციების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაცია Chora Foundation-ის ექსპერტი მელა ათანასოვა, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროექტის მენეჯერი თინათინ ტყეშელაშვილი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
უცხოელმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის გუნდის მუშაობა, ჩართულობა და მაღალი მოტივაცია პროექტის მიმდინარეობისას. შეაჯამეს სამთვიანი მუშაობის მიღწევები. შემდგომ ეტაპზე ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება ნარჩენების მართვის, გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, ტრანსპორტის და გამწვანების სექტორებში ინტერვენციების გამოსაკვეთად, რომელიც ხელს შეუწყობს ქუთაისს, რომ სმარტ გადაწყვეტილებებით და სისტემური მიდგომებით გახდეს ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელი ადგილი საკუთარი მოქალაქეებისათვის და კარგი პრაქტიკის მქონე ქალაქი, როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე.