ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს შეხვდა. ქალაქის მერი სტუმრებს იმ საერთაშორისო პროექტებზე ესაუბრა, რომლებიც აქტიურად ხორციელდება ქუთაისში. შეხედრაზე იოსებ ხახალეიშვილმა GIZ - ის წარმომადგენლებს საპროექტო წინადადებები შესთავაზა, რაშიც მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. საუბარია ქუთაისში კრეატიული ინდუსტრიისა და ციფრული განათლების ცენტრის შექმნასა და ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში ხელნაკეთი ნივთების სავაჭრო სივრცეების მოწყობაზე.
"EU4ITD - ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი" ხორციელდება GIZ-ის მიერ, პროექტის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით. EU4ITD ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების გაუმჯობესებას PIRDP რეგიონებში, რომელიც მოიცავს გურიის, იმერეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ოთხ რეგიონს. პროექტის განხორციელების პერიოდს წარმოადგენს 2022-2025 წლები, ხოლო საერთო ბიუჯეტი შეადგენს 7.5 მილიონ ევროს.