ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) ჩეხეთის ოფისის და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად ახალი პროექტი ,,ქუთაისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა“ განიხილა.
აღნიშნული პროექტი ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და კავკასიის რეგიონული გარემოს დაცვითი ცენტრის ურთიერთთანამშრომლობით შემუშავდა.
ურბანული გეგმა მოიცავს ახალი სატრანსპორტო კვანძების, ველობილიკების, საპარკინგე სივრცეების, მუნიციპალური ტრანსპორტის ახალი სქემების შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას.
,,ეს გეგმა მომზადდა ქუთაისის მერიისა და კავკასიის რეგიონული გარემოს დაცვითი ცენტრის ურთიერთთანამშრომლობით და წარვადგინეთ ჩეხეთის საელჩოში. გეგმა ითვალისწინებს ქალაქში ახალი სატრანსპორტო კვანძების, საპარკინგე სივრცეების, ქვეითთა გადასასვლელებისა და მუნიციპალური ტრანსპორტისთვის ახალი სქემების შემუშავებას. პროექტის ფარგლებში ქუთაისში ჩამოვლენ ექსპერტები , რომლებიც დეტალურად შეიმუშავებენ ქალაქის მდგრადი ურბანული მობილობის სქემებს. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვა პროექტებზე, მუნიციპალური გარდაქმნის პორთფელისა და ეკო სმარტ ქალაქის კონცეფციაზე. “-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.