ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძესთან ერთად, საქველმოქმედო ფონდ "საქართველოს კარიტასის" დღის ცენტრი დაათვალიერა და ფონდის საქმიანობას გაეცნო.
"საქართველოს კარიტასის" ქუთაისში საქველმოქმედო საქმიანობას 1995 წლიდან ეწევა, აღნიშნული დღის ცენტრი კი 2000 წლიდან ფუნქციონირებს.
ქალაქის მერმა დასავლეთ საქართველოს პროგრამების მენეჯერთან და დღის ცენტრის კოორდინატორთან შეხვედრა გამართა.
ამჟამად ფონდი, მემორანდუმის საფუძველზე, ქუთაისის მერიის ორ პროგრამასთან თანამშრომლობს - ესენია შინმოვლის და გადაუდებელი რეაგირების პროგრამები.
„საინტერესო შეხვედრა გვქონდა „საქართველოს კარიტასის“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენლებთან. გავეცანით ფონდის საქმიანობას, იმ პროექტებს, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, დავათვალიერეთ დღის ცენტრი, ბენეფიციარებსაც შევხვდით. ვისაუბრეთ მომავალის გეგმებზეც . ქუთაისის მუნიციპალიტეტი გააფართოებს „კარიტასთან“ თანამშრომლობის არეალს. ვიმედოვნებთ, რომ იმ გამოცდილებას, რომელიც ამ ფონდს აქვს მთელს მსოფლიოში, ჩვენი ქალაქიც გაიზიარებს და ეს თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება“.- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
"საქართველოს კარიტასში" სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებისთვის დღის ცენტრიში 104 ქუთაისელი მოსწავლე იღებს განათლებას. ისინი გარდა იმისა რომ სასკოლო პროგრამით მეცადინეობენ, უტარდებათ გასართობ-შემეცნებითი გაკვეთილები, გაწევრიანებული არიან სხვადასხვა შემოქმედებით წრეებში.