ქუთაისის მერიაში პროექტის „ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ განხორციელებასთან დაკავშირებული მეორე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, პროექტის მენეჯერი მაია ტალახაძე და კონსულტანტი მაკა ზუმბულიძე (კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი), მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები და არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში მომზადებული ინტეგრირებული მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის ( ISUMP) ტექნიკური დავალების საბოლოო ვერსიის და მიწის დეგრადაციის ცხელი წერტილების, ტენდენციებისა და გამომწვევი მიზეზების რუკის წარდგენა.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფციით გათვალისწინებული გამწვანებული ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობები.
"ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით" სამწლიანი (2022-2025) პროექტია, რომელიც ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. მას აფინანსებს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და ხორციელდება კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ( REC-Caucasus) მიერ. პროექტის უშუალო ბენეფიციარია ქუთაისის მერია.