ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შენგელია ადგილობრივი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ირაკლი შენგელიამ ჟურნალისტებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტი და 2020 წლის მთავარი პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიის დოკუმენტით გათვალისწინებული მედია თანამშრომლობის იმპლემენტაციის გზებზე იმსჯელეს, ასევე არსებული კომუნიკაციების გამოწვევებზე და შესაძლო ცვლილებებზე.
შეხვედრის ბოლოს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შენგელიას შეთავაზება იქნა განხილული, რომელიც მედიის წარმომადგენლებთან დიალოგის ფორმატით შეხვედრების გამართვას ითვალისწინებს.
„ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის ინსტიტუციონალიზაციისა და სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებისთვის, ჩვენ შევიმუშავეთ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ერთწლიან პერიოდს მოიცავს. დოკუმენტი საკრებულოს კომუნიკაციის მისიას, ღირებულებებს და ამოცანებს განსაზღვრავს.
სტრატეგიის დოკუმენტში მოცემულია 2020 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი საინფორმაციო კამპანიები და სხვა ღონისძიებები.
ჩვენი მიზანია ამ აქტივობით ხელი შევუწყოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის, ადგილობრივი მეწარმეების და სხვა დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობის გაზრდას. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ურთიერთთანამშრომლობის ახალ ფორმებზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლებთან ყოველთვიური დიალოგის ფორმატის შეხვედრებზე, რაც მიმაჩნია რომ პროდუქტიული იქნება, როგორც არსებული კომუნიკაციის გაუმჯობესების აგრეთვე ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, ჩვენ შევხვდებით საზოგადოების ყველა დაინტერესებულ ჯგუფს და მოვისმენთ მათ მოსაზრებებს. 2020 წლისთვის ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის უმთავრესი, ღირებული მიზანი არის საკრებულოს საქმიანობის ინკლუზიურობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა. “ - ირაკლი შენგელია