ქუთაისის მუნიციპალიტეტმა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გამართული საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) პრიზები 2 ნომინაციაში მოიპოვა:
1. პრიზი ,,COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის“ ეფექტური მუშაობისთვის.
2. სპეციალური სიგელი- მყარი ნარჩენების შეგროვების სფეროში საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაციისა და მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგიის განხორციელებისას წარმოდგენილი კარგი პრაქტიკისთვის.
BPP-ის მესამე ეროვნულ კონფერენციაზე 2019-2020 წლების კონკურსში გამარჯვებული 9 მუნიციპალიტეტი დასახელდა, რომლებიც სპეციალურად შექმნილმა შეფასების კომისიამ და კონკურსის მმართველმა კომიტეტმა 2019-2020 წლების კარგ პრაქტიკად 22 მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი განაცხადებიდან შეარჩია. კონფერენცია პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით, ერთდროულად ორ ლოკაციაზე - სასტუმროებში - „ბილტმორ თბილისი“ და „ჰილტონი ბათუმი“ მიმდინარეობდა.
ღონისძიება სლოგანით - „კარგი მაგალითი გადამდებია“, ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ნინო ქავთარაძემ გახსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა მიმართეს.
„მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს და ათეა-ს, ასეთი საინტერესო ინიციატივისა და ამ პროექტის განხორციელებისთვის. მსგავსი ღონისძიებები დიდი სტიმულია მუნიციპალიტეტებისათვის. ქუთაისის მუნიციპალიტეტი პირველად არ იღებს ამ პროექტის პრიზს - გასულ წლებში სხვადასხვა კატეგორიებში დავიმსახურეთ. მადლობა უნდა ვუთხრა ჩვენს გუნდსაც, რომელიც კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში თავდაუზოგავად, ოპერატიულად და ეფექტურად მუშაობდა. ამ მიმართულებით მეზობელ მუნიციპალიტეტებსაც ვეხმარებოდით. ეს პროექტი მუნიციპალიტეტებს გვაძლევს საშუალებას გავუზიაროთ ერთმანეთს წარმატებული პრაქტიკები და ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ.“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), PMC კვლევით ცენტრთან (PMC RC) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით ახორციელებს.