ქუთაისის მერიაში მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის Kutaisi.gov.ge-ის განახლებული ვერსიის წარდგენა გაიმართა.
ვებ-გვერდი მომზადდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ ყურადღება გაამახვილა ვებ-გვერდის ახალ ინსტრუმენტზე-ინტერაქტიულ რუკაზე, რომელიც მოსახლეობის ხელისუფლებასთან აქტიური ინტერაქციის მიზნით შეიქმნა.
რუკაზე აისახება ინფორმაცია ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების შესახებ. აქვე შესაძლებელი იქნება მოქალაქეებმა შესაბამის ველში ატვირთონ მათ მიერ ქალაქში შენიშნული სხვადასხვა პრობლემის ფოტო და მოკლე აღწერილობა, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან.
ინტერაქტიული რუკა ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს.
„ქუთაისის მუნიციპალიტეტი წარმატებულად თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამასთან. დღეს სწორედ ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი ახალი პროექტის პრეზენტაცია გვქონდა. მათი მხარდაჭერით ჩვენ განვაახლეთ ქუთაისის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელსაც დაემატა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელთაგან გამოვყოფდი ინტერაქტიურ რუკას, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ქალაქში მიმდინარე პროექტების შესახებ.
ეს რუკა საშუალებას მოგვცემს აქტიურად ვითანამშრომლოთ ჩვენს მოქალაქეებთან. UNDP-თან თანამშრომლობას სხვა პროექტებზეც ვაგრძელებთ."- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
შეხვედრის დასასრულს UNDP-ის წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიას, ვებ-გვერდის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად, კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს.