ქუთაისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა.
იაპონელ დიპლომატს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ უმასპინძლეს.
ვიზიტი გაცნობითი ხასიათისაა და იაპონიის ახალმა ელჩმა ოფიციალური გასვლა საქართველოს რეგიონებში სწორედ ქუთაისით დაიწყო.
იოსებ ხახალეიშვილი იმამურა აკირას ესაუბრა როგორც ქუთაისის როლსა და მნიშვნელობაზე ქვეყანაში, ასევე ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს როლზე რეგიონში; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აეროპორტზე, პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებზე. ქალაქის მერმა ქუთაისის იაპონიის რომელიმე ქალაქთან დამეგობრების იდეაც შესთავაზა ელჩს.
" ჩვენთვის სასიამოვნო ფაქტია, რომ იაპონიის ელჩი პირველი ვიზიტით სწორედ ქუთაისში ჩამოვიდა. რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე, ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების დავით ხახალეიშვილის და გაგამურას იდეის განხორციელებაზეც, რომელიც ქართულ-იაპონური ურთიერთობების სიმბოლოდ უნდა იქცეს ქუთაისში.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
იმამურა აკირას და მის მეუღლეს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ელჩის ვიზიტი ქუთაისში გრძელდება.