ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 39-ე სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილეები, სამსახურების უფროსები.
დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს შორის განხილული და დამტკიცებული იქნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N167 დადგენილებაში საბიუჯეტო ცვლილების შეტანის საკითხი;
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის საკითხი;
ასევე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო, 2020 წლის პირველი ნოემბრიდან 2021 წლის შვიდი თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ქალაქში M1 (მსუბუქი ავტომობილები), M2 (ავტობუსები 5 ტონამდე სრული მასით) და M3 (ავტობუსები 5 ტონაზე მეტი სრული მასით) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების გამწევი კომპანიების ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის ფასის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საკითხი.
ქუთაისის მერმა სხდომის მონაწილეებს კონსტიტუციის 100 წლისთავი მიულოცა და ქალაქში მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
„ჩვენ, უმოკლეს პერიოდში, სათანადოდ მოვაწყობთ კონსტიტუციის მოედანს ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე. საკრებულოს თანხმობით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ- მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების სახელს ვუწოდებთ. ეს ორი ფაქტი არის ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვა ქვეყნის კონსტიტუციისა და შინდისის ბრძოლის გმირების მიმართ.
მინდა ქუთაისის განვითარების გეგმის შესახებაც ვისაუბრო. ესაა დოკუმენტი, რომლის შემუშავებაზე 30 წელია მიმდინარეობს მსჯელობა თუ კამათი. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიცირებით დაწყებულია სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების პროცედურა. მერიაში უკვე შემოსულია „ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმის შემუშავების საპროექტო მომსახურების შესყიდვის“ მეორე ეტაპის (ქალაქ ქუთაისის განვითარების ხედვა, განვითარების სტრატეგია და მათი სიცოცხლისუნარიანობის შეფასება) ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტის საბოლოო ვერსია.
ჩვენ, უკვე მივმართეთ მოქალაქეებს რომ ერთი თვის ვადაში, აქტიურად ჩაერთონ ამ დოკუმენტის განხილვის საჯარო პროცესში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რაც შეიძლება ბევრი ქუთაისელი ჩაერთოს ამ განხილვებში და მათ თავად გადაწყვიტონ, როგორი უნდა იყოს ქუთაისი მომდევნო 20 წლის მანძილზე“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.