ქუთაისში, კიკვიძის ქუჩაზე საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მერის მოადგილემ იუზა უგულავამ და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა მოინახულეს.
კიკვიძის ქუჩის მეორე ჩიხის #19-თან საყრდენი კედელის მოწყობა თებერვლის თვეში მომხდარი სტიქიის შედეგად გახდა აუცილებელი, სამუშაოებისთვის თანხა- 255 000 ლარი სტიქიის ფონდიდან გამოიყო.
„ კიკვიძის ქუჩაზე საყრდენი კედლის დაზიანება მოსახლეობისთვის გარკვეულ საფრთხეებს ქმნიდა. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეწყო კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა ამ ადგილის მიმდებარედ მოქალაქეების გადაადგილება და ცხოვრება იყოს უსაფრთხო.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის განახლება, რკინა-ბეტონის კედლის აღდგენა, გაკეთდება ლითონის მოაჯირიც. სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა „საქმილსადენმშენი“ აწარმოებს, აგვისტოში დასრულდება.
ქალაქის მერმა მოსაშვილის ქუჩაზე და ლესელიძის მე-5 შესახვევში რეაბილიტირებული გზაც მოინახულა. ამ ქუჩებზე გზის საფარის აღდგენაზე 98 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები „ ჯეოროუდინვესტმა“ შეასრულა.