ქუთაისის მეორე საერთაშორისო ფორუმი „ქალაქების პასუხი თანამედროვე გამოწვევებზე" ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდა .
ფორუმის მასპინძელი და ორგანიზატორია ქუთაისის მუნიციპალიტეტი; თანაორგანიზატორი -ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). ღონისძიების მხარდამჭერები არიან: USAID-ის პროგრამა „დემოკრატიული მმართველობის ინციატივა“; გერმანიის საერთაშორისო დახმარების პროგრამა „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში“; პარტნიორი ორგანიზაციები: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაცია (NALAG).
ფორუმში მონაწილეობენ: ქუთაისის მუნიციპალიტეტის პარტნიორი ქალაქები და რეგიონები; ქალაქები აღმოსავლეთ პარტნიორობიდან და დასავლეთ ევროპიდან; სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
„მიხარია, რომ ეს მნიშვნელოვანი ფორუმი შედგა და მასში მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი დამეგობრებული ქალაქების, რეგიონების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც ჩვენი ქვეყნიდან, ასევე უცხოეთიდან. მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და პროგრამას „დემოკრატიული მმართველობისათვის“, რომელთანაც უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ.
ჩვენ ბევრი წარმატებული პროექტი გავაკეთეთ ერთად და ამჯერადაც ერთად შევძელით ამ ფორუმის ჩატარება. მადლობა ყველა იმ ორგანიზაციას, რომელთა ხელშეწყობით და თანადგომით ტარდება ქუთაისის მეორე საერთაშორისო ფორუმი და ყველა მონაწილეს, რომლებმაც შეძლეს ფორუმის მუშაობაში ჩართვა.
ქუთაისი მზად არის მეტი შესაძლებლობების მისაღებად, რათა გახდეს განვითარებული ურბანული ცენტრი დასავლეთ საქართველოს რეგიონისთვის და იყოს ამ განვითარების ლოკომოტივი.
ერთ-ერთი უმთავრესი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით , ეს არის ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობის დაწყება. 4 მნიშვნელოვანი პოსტულატით განისაზღვრა ქუთაისის გენგეგმა:
1. ქუთაისი, როგორც ევროპის კარიბჭე;
2. ქუთაისი, როგორც დასავლეთ საქართველოს ცენტრი;
3. ქუთაისი, როგორც მწვანე ქალაქი
4. ქუთაისი, როგორც სინერგიული ცოდნის ქალაქი.
ჩვენ გვჭირდება ახალი იმპულსები და ახალი შესაძლებლობები. ვეცნობით იმ გამოცდილებას და მიღწევებს, რაც ქუთაისის ტიპის ევროპულ ქალაქებს აქვთ.
ვფიქრობთ, ასეთი ტიპის ფორუმები და ურთიერთობა მოგვცემს საშუალებას, გავიზიაროთ წარმატებული პრაქტიკები და ამასთანავე, გვქონდეს ერთობლივი მიდგომები კონკრეტული საკითხებისადმი. „- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი დაარსდა 2019 წელს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG)“ და USAID პროგრამის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა"-სთან (GGI)“ ერთად.