ქუთაისის მერიაში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტრანსფორმაციის პორტფელი“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე, UNDP სტამბულის ინოვაციების ჰაბის გუნდის წარმომადგენელი იერა ჩანგი, UNDP თბილისის ოფისის პროექტების მენეჯერი თინათინ ტყეშელაშვილი და ქუთაისის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრები.
მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელის შექმნის პროცესში, ქუთაისის მუნიციპალიტეტი აგრძელებს მუშაობას, რათა გახდეს „ სმარტ-ეკო ქალაქი “.
მხარეებმა ისაუბრეს უკვე ჩატარებულ სამუშაოებზე და მომავლის გეგმებზე.
„ დღეს შევხვდით ჩვენს პარტნიორებს გაეროს განვითარების პროგრამიდან. სამუშაო შეხვედრის შემდეგ, სტუმრებს ჩვენი ქალაქი დავათვალიერებინეთ, ვაჩვენეთ ქუთაისის ღირსშესანიშნაობანი და ის კონკრეტული პროექტები, რაც უკვე განვახორციელეთ, რათა ქუთაისი იყოს „სმარტ-ეკო ქალაქი“. გავაცანით ქუთაისის კარგი პრაქტიკა ამ მიმართულებით- ენერგოეფექტური დათბუნებით რეაბილიტირებული კორპუსები, გარე განათების LED ნათურები, კომპოსტირების და სეპარაციის ცენტრი, მოვინახულეთ ახალი სატრანსპორტო პარკი, ევრო5 კლასის ადაპტირებული ავტობუსებით , ვესტუმრეთ ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც საკუთარ სახლში უკვე გამოიყენა მზის პანელები და ნეტო აღრიცხვის სისტემა.
ჩვენი მიზანია ქუთაისის ტრანსფორმაცია ისე, რომ სმარტ - გადაწყვეტილებებით და სისტემური მიდგომებით გახდეს ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელი ადგილი საკუთარი მოქალაქეებისათვის და კარგი პრაქტიკის მქონე ქალაქი, როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე.“- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
„მუნიციპალური ტრანსფორმაციების პორტფელი“ არის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის’’ ( M4EG ) ინიციატივის ნაწილი, რომელიც დაიწყო და ფინანსდება ევროკავშირის მიერ 2017 წლიდან. M4EG იმართება 2021 წლიდან, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ , ევროკავშირთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.